საქართველოს ესტუმრნენ - ამერიკის რეალტორთა ასოციაციის (NAR 2023) პრეზიდენტი კენი პარსელი, ევროპის რეალტორთა ასოციაციის (CEPI) პრეზიდენტი ჯან ბორუვკა, საქართველოს საპატიო კონსულები, 20-მდე ქვეყნის 60-ზე მეტი საერთაშორისო რეალტორი.
საერთაშორისო რეალტორები, ადგილობრივ კოლეგებთან ერთად იმყოფებოდნენ კახეთში, თბილისსა და ბათუმში და ადგილზე შეისწავლეს მიმდინარე საინვესტიციო პროექტები.
კვირეულის ფარგლებში,NAR 2023-ის პრეზიდენტმა კენი პარსელმა, CEPI-ის პრეზიდენტმა ჯან ბორუვკამ, საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა ვაჟა მებაღიშვილმა და საქართველოს საპატიო კონსულებმა საქართველოს ვიცე-პრემიერ, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილთან დახურული შეხვედრა გამართეს.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა ღიად დააფიქსირა თავისი პოზიცია უძრავი ქონების სფეროში რეალტორების როლის მნიშვნელობაზე და აღნიშნა რომ აქტიური შეხვედრები ექნება სფეროს წარმომადგენლებთან.
ევროპისა და ამერიკის ასოციაციების პრეზიდენტებმა აღნიშნეს, რომ მათთვის გასაოცრად მნიშვნელოვანი იყო ერთის მხრივ, ორგანიზატორების მიერ კვირეულის ასეთ მაღალ დონეზე ჩატარება და მეორეს მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ჩართულობა და მხარდაჭერა.
კენი პარსელმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი საერთაშორისო რეალტორებისთვის საკმაოდ მომხიბვლელია, რადგან საინვესტიციო გარემო არის სტაბილური და მზარდი.
"უძრავი ქონების კვირეული REW 2023"-ის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია და საგამოფენო სივრცე "ექსპო-ჯორჯია".