რას ცვლის ხელოვნური ინტელექტი უძრავი ქონების ინდუსტრიაში?
ხელოვნური ინტელექტი (AI) უძრავი ქონების სექტორზე თავისებურ გავლენას ახდენს. დღესდღეობით, მსოფლიოში უძრავი ქონების მრავალი აგენტი ეყრდნობა ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს ლიდების გენერირების, ბაზრის კვლევის, მომხმარებლის გამოცდილების პერსონალიზაციისა და ყოველდღიური ამოცანების გასამარტივებლად.
Forbes-ის თანახმად, ტექნოლოგიების განვითარებამდე უძრავი ქონების ინდუსტრია დიდწილად ფიზიკურ შრომას ეფუძნებოდა - აგენტები და ბროკერები მთლიანად დამოკიდებულნი იყვნენ პირად კავშირებზე. სარეალიზაციო უძრავი ქონების მოძიებაც მეტ ძალისხმევას ითხოვდა. ხელოვნური ინტელექტი კი თანდათანობით ცვლის ინდუსტრიას, ტრანზაქციებს უფრო ეფექტურს ხდის, ახდენს მენეჯმენტის ოპტიმიზაციას და ხვეწს საინვესტიციო მიდგომებს.
Delta Media Group-ის 2024 წლის კვლევა აჩვენებს, რომ აშშ-ში წამყვანი საბროკერო კომპანიების 75%-მა უკვე დანერგა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები და ნელ-ნელა ახდენს მათ ინტეგრირებას საკუთარ საქმიანობაში. მაგალითად, Kedaro Group ქონების შეფასების ავტომატიზაციისა და ბაზრის ტენდენციებზე თვალყურის დევნების მიზნით აქტიურად იყენებს ხელოვნური ინტელექტის საშუალებებს და შედეგებიც ხელშესახებია.
„სწრაფად მზარდი ხელოვნური ინტელექტის ეკოსისტემა და მისი ინფრასტრუქტურა მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე უძრავ ქონებაზე მოთხოვნას გაზრდის“ - წერს უძრავი ქონების სერვისების ამერიკული კომპანია Jones Lang LaSalle Incorporated – JLL.
აქ ჩამოთვლილია ის მიმართულებები, რაშიც ხელოვნური ინტელექტი უძრავი ქონების ინდუსტრიას ეხმარება:
ბაზრის პროგნოზირება და რისკების შეფასება
უძრავი ქონების ინდუსტრიის სპეციალისტები ცდილობენ ხელოვნური ინტელექტის უნარი ბაზრის მონაცემების, ტენდენციების, მომხმარებელთა ქცევის გასაანალიზებლად გამოიყენონ. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროგნოზირებადი ინსტრუმენტები ინვესტორებს უძრავი ქონების შეძენა-გაყიდვასთან დაკავშირებით ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.
დემოგრაფიული ცვლილებები, მოსახლეობის დინამიკა და ურბანიზაციის ტენდენციები გავლენას ახდენს უძრავი ქონების ბაზარზე. ხელოვნური ინტელექტი კი დემოგრაფიული ცვლილებების გასაანალიზებლად და ახალი ტენდენციების უფრო ზუსტად პროგნოზირებისთვის კარგი ინსტრუმენტია.
აქტივების პროაქტიური მართვა
ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული მოულოდნელი პრობლემები დიდი ხანია უძრავი ქონების კომპანიების თავის ტკივილია. თუმცა, ხელოვნური ინტელექტის მიერ მხარდაჭერილი პროგნოზირებადი ტექნიკური მომსახურება, სტრატეგიული რესურსების განაწილება, რისკების შეფასება და შესრულების მონიტორინგი მნიშვნელოვნად ამსუბუქებს აქტივების მართვას.
ქონების შეფასების გამარტივება
ქონების შეფასების სისტემებში ხელოვნური ქონების მახასიათებლების, ბაზრის ტენდენციებისა და ეკონომიკური ფაქტორების ანალიზის საშუალებას იძლევა.
გენერაციული ხელოვნური ინტელექტი - GenAI უძრავ ქონებაში
გენერაციული ხელოვნური ინტელექტი GenAI (არის მოდელები ან ალგორითმები, რომლებიც სრულიად ახალ კონტენტს ქმნიან როგორიცაა ტექსტები, ფოტოები, ვიდეოები, კოდი, მონაცემები) კიდევ ერთი მძლავრი იარაღია უძრავი ქონების ინდუსტრიის სასარგებლოდ. ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა ავტომატიზირებული იყოს დავალებები, მათ შორის ქონების აღწერილობა, ქონების ძიება, მარკეტინგული კონტენტი და სხვა. დავალებების ავტომატიზების გამო რეალტორებს მეტი დრო და რესურსი რჩებათ უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის.
კომპიუტერული ხედვა უძრავ ქონებაში
კომპიუტერული ხედვა Computer Vision CV - ხელოვნური ინტელექტის ეს მიმართულება აანალიზებს ვიზუალურ მონაცემებს (სურათები, ვიდეოები) და დუბლირებული განცხადებების ამოცნობას ამარტივებს. თუ ხელოვნური ინტელექტი კომპიუტერს საშუალებას აძლევს „იფიქროს“, CV საშუალებას აძლევს მას „დაინახოს“.
ვირტუალური ტურები
ვირტუალური ტური გამოიყენება სარეალიზაციო ქონების პრეზენტაციისთვის, რაც პოტენციურ მყიდველს საშუალებას აძლევს სარეალიზაციო ქონება ვირტუალურად შეისწავლოს. ეს ინსტრუმენტი იდალურია საზღვარგარეთ მყოფი კლიენტებისთვის. ვირტუალური ტური სულ უფრო დიდ პოპულარობას იძენს, GenAI კი უფრო მეტად ხვეწს რეალისტური აღქმის ინსტრუმენტებს.
პერსონიზებული რეკომენდაციები
ხელოვნური ინტელექტი უძრავი ქონების აგენტებისა კლიენტებისთან დაკავშირების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. ის ალგორითმების მეშვეობით მომხმარებლის მონაცემებს აანალიზებს, როგორიცაა ძიების ისტორია, საერთო ონლაინ აქტივობა, რათა მათ ისეთი უძრავი ქონება შესთავაზოს, რომელიც ძიების პროცესში მყოფი პირის საჭიროებებზეა მორგებული. ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს შეუძლიათ ინფორმაცია მოაგროვონ კონკრეტული უბნების შესახებ, რათა პოტენციური მყიდველისთვის მათი ცხოვრების წესის შესაბამისი უბნები შეარჩიოს. უსაფრთხო, კეთილმოწყობილი უბნების ახლოს ბინის პოვნა შეიძლება რთული ჩანდეს, მაგრამ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, რეალტორებს და მყიდველებს ეს პროცესი უმარტივდებათ.
მომხმარებელთან კომუნიკაციის გაუმჯობესება
უძრავი ქონების აგენტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა კლიენტებთან კომუნიკაციაა. ავტომატიზირებული ჩატბოტები გამოყენებით, უძრავი ქონების კომპანიებს მომხმარებელთან კომუნიკაციის გაუმჯობესება შეუძლიათ.
საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ უძრავი ქონების ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტის ბერკეტები უკვე წარმატებით მუშაობს. მოსალოდნელია, რომ მომავალში ეს მიმართულება კიდევ უფრო მოქნილ, კომფორტულ და გამარტივებულ ინსტრუმენტებს შემოგვთავაზებს. უძრავი ქონების ინვესტორებისთვის, დეველოპერებისთვის და კომერციული ქონების მფლობელებისთვის უმნიშვნელოვანესია, იყვნენ ინფორმირებულები, იმოქმედონ სტრატეგიულად და გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტის ძალა ბიზნესის მიზნების მხარდასაჭერად.
