"მოთხოვნის შემცირების გამო, გართულდა ტურისტული საქმიანობისთვის განკუთვნილი ბინებისა თუ აპარტამენტების გაქირავება. ჩვენი კომპანია ელოდა, რომ ასე მოხდებოდა, რადგან გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ უძრავი ქონების ბაზარი საკმაოდ მგრძნობიარეა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ. ვიმედოვნებთ, დინამიკა გაუმჯობესდება და დაუბრუნდება ძველ ნიშნულს". - აღნიშნა ეკატერინე ჭიღლაძემ.
მისივე თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა-გაქირავებაზე მოთხოვნა. ეკა ჭიღლაძის კომპანია ძველი თბილისის უძრავი ქონებით არის დაკავებული, შესაბამისად, მისი თქმით, ამ ლოკაციაზე მოთხოვნის ცვლილება მყისიერად აღიქმება.
„ბოლო პერიოდში თბილისში მიმდინარე აქციებმა და პოლიტიკურმა მოვლენებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა უძრავი ქონების ბაზარზე. მყიდველებმა შეაჩერეს შესყიდვის პროცესი, იჯარებზე მოთხოვნა თითქმის გაჩერდა, უამრავი გარიგება ჩაიშალა, რადგან ადამიანებმა დაკარგეს სტაბილურობის განცდა. იყო ასეთი შემთხვევებიც, რომ ევროპელმა ინვესტორებმა უარი თქვეს საქართველოში ინვესტირებაზე. მეორეს მხრივ, ვისაც ნაყიდი აქვს თბილისში ბინა, გვთხოვენ გავყიდოთ", - უთხრა GBC-ის უძრავი ქონების მართვის კომპანია "კედარო ჯგუფის" დამფუძნებელმა.
ცნობისთვის, 2024 წლის მაისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 0.5%-ით შემცირდა ქალაქის ცენტრში, ფართო ცენტრსა და გარეუბნებში კი 8 და 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
recov.ge-ის მონაცემებით, 2024 წლის მაისში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 1%-ით შემცირდა ქალაქის ცენტრში, ფართო ცენტრსა და გარეუბნებში კი 5% და 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2024 წლის მაისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 4%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წლის მაისთან შედარებით მაჩვენებელი 22%-ით არის შემცირებული.